დღეს აღარ არსებობენ მისტერიები, აღარც გურუები და ადეპტები ირჩევენ მოწაფეებს, რადგან დღეს აღარც ისინი (ადეპტები) არსებობენ, მაგრამ არსებობენ წიგნები და ისინი ირჩევენ ადამიანებს. ვფიქრობ მცდარია მოსაზერება, რომ გარკვეული წიგნები ჩვენ შემთხვევით გვივარდებიან ხელში.
ჩვენთან მოდიან ის წიგნები, რომლების ღირსებიც ვართ და მოდიან მაშინ, როდესაც მზად ვართ შეხვედრისთვის. გველოდებიან ისენი სარდაფებში, მეზობლის - გადასაყრელად მომზადებულ ნივთებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ავტობუსის თუ მატარებლის გაჩერებებზე, ძველმანების ბაზრობაზე.
ჩემი აზრით, სწორედ ასეთი შეხვედრების დროსა და ადგილზე თამაშდება თანამედროვეობის მისტერიები, ხოლო ის თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენ ამ მისტერიებს, დამოკიდებულია ჩვენს თავისუფალ ნებაზე. ამ არჩევანში ჩვენ ბოლომდე თავისუფალი ვართ. წარმოდგენილ სერიაში ჩემი მიზანი იყო თვითონ გამეგო, საკუთარი მხატვრული ინტერპრეტაციების საშუალებით თუ სად გადიოდა ზღვარი (ზედროულ და ზეადამიანურ პლანში) ადამიანურ ბედისწერასა და თავისუფლებას შორის.
გოგა ჯაფარიძე
22-23-24 დეკემბერს 2008 წლის, არსის საგამოფენო დარბაზში სახელოვნებო გაერთიანება ,,არქიდრომმა" წარმოადგინა გოგა ჯაფარიძის გამოფენა ,, ტექსტებზე აგებული ნახატები ბაზელის ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი წიგნიდან".
გამოფენა წარმოადგენდა დიდი ფორმატის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც ობიექტების სახით არის დამონტაჟებული სივრცეში. ამ ნამუშევრებით მხატვარი აკვირდება ადამიანს - მისი ანთროპოლოგიიდან, მისივე მორაულ ფიზიოლოგიამდე.
გოგა ჯაფარიძისთვის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საინტერესო სოციალური ხელოვნებაა. მას გნახორციელებული აქვს პროექტები და გამოფენები საქართველოსა და შვეიცარიაში. ასევე მუშაობს არტთერაპიის განხრით.
2008 წელი გოგა ჯაფარიძისთვის დატვირთული აღმოჩნდა თბილისში განხორციელებული გამოფენების თვალსაზრისით. არსში წარმოდგენილი გამოფენა უკვე მესამეა. მანამდე ა.წ. აპრილში შედგა მისი პერსონალური გამოფენა - ვორკშოპი ,,კარი" (შარდენის 19), ხოლო ერთი თვის წინ ,,ქართლი" მხატვრებთან კახა დემურაძესა და გიორგი აბციაურთან თანამშრომლობით (აკადემია+).
ტექსტებზე აგებული სურათები მათთგან რადიკალურად განსხვავებული გამოფენაა, ერთგვარი თავმოყრაა ჯაფარიძის სააზროვნო თემებისა. თემები რომლებიც აერთიანებს ფილოსოფიურ, ეგზისტენციალურ და ძალიან სოციალურ საკითხებს და კითხვებს. ყველა ამ კითხვაზე პასუხს მხატვარი ადამიანში ეძებს. ადამიანში - მის გონში, ზნეობაში, სხეულში, შინაგან ორგანოებში.
ექსპოზიცია ახალი რეალობის წინაშე გვაყენებს, აღმოგვაჩენინებს იმას, რომ რაციონალური საწყისი ანთროპოლოგიურ საზღვრებთან, ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული და პირიქით.
გამოფენის გახსნასთან ერთად ,,არქიდრომმა" წარმოადგინა გოგა ჯაფარიძის პორტფოლიო - აქამდე განხორციელებული პროექტებისა და ნამუშევრების პრეზენტაცია ფოტო პროექციით, ვიდეო ფილმებით, მხატვრის მონოლოგით.
Sunday, March 1, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)